ცესკომ დააზუსტა, რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში არ გაიხსნება საარჩევნო უბნები

თავდაპირველად საარჩევნო უბნების გახსნა მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანისა და ასევე საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებიან, ვერ შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, განუმარტეს „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში. 

რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება და მასში 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს მონაწილეობას. ამომრჩეველმა 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული სისტემით და 30 — მაჟორიტარული წესით. საარჩევნო უბნები გაიხსნება უცხოეთშიც, ზოგი ქვეყნის გამოკლებით.

„საარჩევნო უბნები არ იქნება აზერბაიჯანში, ხოლო საბერძნეთში ხუთიდან მხოლოდ სამი უბანი გაიხსნება ათენში. სალონიკის ორი უბანი ამ ქალაქში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არ იმუშავებს“, — განაცხადეს ცესკოს პრეს-სამსახურში.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთშიც, რომელთანაც საქართველოს 2008 წლიდან აქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების რეალიზება შეძლებოდათ, მაგრამ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, სადაც მათი წესები მოქმედებს, ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.