თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, რეგიონებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც სამართალდარღვევებზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ და დაიცავენ წესრიგს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის საკონტაქტოდ განსაზღვრულია შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტი. კერძოდ:
- „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი.
- სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.
- ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.
„საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
არჩევნების დღეს შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ.
საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი.