შეუძლია თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას სესხი მოითხოვოს, თუ მოვალე გარდაიცვალა

ბევრს აინტერესებს, აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას სესხის მოთხოვნის უფლება, თუ მისი ამღები პირი გარდაიცვალა.
Sputnik

საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს სესხის ამომღებ კომპანიას, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში მოითხოვოს სესხის დაფარვა. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ, რომელი საკანონმდებლო ნორმებით და როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრე მემკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით სხვადასხვა ვალდებულებას იძენს. კერძოდ, ისინი ქონების მიღებით იძენენ როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

ასე რომ, თუ მემკვიდრე ხართ, თქვენ ვალდებული ხართ, მთლიანად დააკმაყოფილოთ მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში დაგეკისრებათ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გაქვთ გარდაცვლილის ვალების შესახებ ინფორმაცია, კანონი სწორედ თქვენ, მემკვიდრეს გავალდებულებთ, კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ შეატყობინოთ. თავის მხრივ, კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.

კანონის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება უმკვიდროა და ის სახელმწიფოზე გადავიდა, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

პრაქტიკაში კი ხშირადაა ისეთი შემთხვევა, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია გარდაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე ხშირად მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ კრედიტორები წამოაყენებენ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.