საქართველოს სკოლების სახურავებზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ

პროექტი ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე სხვა რეგიონებში რამდენიმე სკოლას, იგეგმება სისტემის დანერგვა თბილისშიც.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს 20 სკოლის სახურავზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ, რაც სასწავლო დაწესებულებებს ელექტროენერგიის ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავამ ბათუმში მზის ელექტროსადგურით აღჭურვილი ერთ-ერთი საჯარო სკოლა მოინახულა. ელექტროსისტემების დადგმული სიმძლავრე 333 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი ნახევარ მილიონ ევროს აღემატება. 

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს დაეხმარება

„ერთი მხრივ, ეს სკოლებს ელექტროენერგიის საფასურს დაუზოგავს, ხოლო მეორე მხრივ, ჭარბი ენერგიის გამომუშავების შემთხვევაში, სკოლას შესაძლებლობას მისცემს ელექტროენერგია სისტემას მიაწოდოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს... მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს პრიორიტეტი გულისხმობს ისეთი პროექტების განვითარებასაც, რომელიც ახალი განახლებადი ენერგიის წყაროებს, ამ შემთხვევაში მზის ენერგიას ამუშავებს ჩვენი განათლების სისტემის სასარგებლოდ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პროექტი ხორციელდება ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით. პროექტი მარტო ბათუმში მოიცავს 13 სკოლას, ასევე სხვა რეგიონებში რამდენიმე სკოლას. ამასთან, იგეგმება სისტემის დანერგვა თბილისშიც.

სპეციალისტების ვარაუდით, ათი წლის შემდეგ საქართველო შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე დადგეს. პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება 22 მლრდ კილოვატ/საათს მიაღწევს, მაშინ, როდესაც დღეს მოხმარება 13 მლრდ-ის დონეზეა.

მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების მიზნით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები, ასევე ენერგიის ალტერნატიული წყაროები.