რევოლუციისთვის მზადება თუ საარჩევნო ხმების დათვლაზე კონტროლი – რა მიზანი აქვს ოპოზიციას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს აქციას აანონსებს, რაც მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციის მიმართ ახალი ბრალდებების მიზეზი გახდა. 

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს

ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ხუთი ოპოზიციური პარტიისგან შედგება, რომელშიც დომინანტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. დღეისათვის ბლოკი წინასაარჩევნო გამოკითხვების რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

„რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საღამოს 8 საათის შემდეგ ვიკრიბებით, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება. მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა ბლოკის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის ამ გეგმას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა მმართველი პარტიის მხრიდან, სადაც ბლოკს „ძალა ერთობაშია“ მთავარ კონკურენტად და „დესტრუქციულ ძალად“ მიიჩნევენ. მათ აქციის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე ბლოკი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბის შექმნაში და არჩევნების დღეს სხვადასხვა ქალაქებში პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშულეს.

„ნაცმოძრაობა“ ფსონს რადიკალიზმსა და არეულობაზე აკეთებს და ყველა რესურსს ქვეყნის მთავარ გამზირზე კრებს. ამ პარტიას, არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაციის ნაცვლად, სხვა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.  

„ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი აზრის გამოხატვის, მათ შორის, მიტინგის ჩატარების უფლება აქვთ. მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: თუ იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი, ამას სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.