მსოფლიო დღეს

სკანდალური დოკუმენტები: ბაიდენის ვაჟზე ახალი კომპრომატები ფოსტიდან მოიპარეს

მანამდე აშშ-ის სენატის პროფილურმა კომიტეტმა Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები მოსმენებზე დაიბარა ჰანტერ ბაიდენის შესახებ სკანდალური სტატიის დაბლოკვის გადაწყვეტილების გამო.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები სადღაც გაქრა, იუწყება ტელეარხი Fox News.

„ამ კვირაში, ორშაბათს ჩვენ წყაროსგან მივიღეთ კონფიდენციალური დოკუმენტების კოლექცია ბაიდენების ოჯახზე. მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტები იყო ნამდვილი და სანდო“, — განაცხადა ტელეარხის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა პირდაპირ ეთერში.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაცია ორშაბათს ფოსტით გაიგზავნა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში, მაგრამ სამშაბათს საკურიერო სამსახურმა ტელეარხს აცნობა, რომ ამანათი გახსნილი და ცარიელი იყო.

სკანდალური წერილის დაბლოკვა: „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ხელმძღვანელები სენატში დაიბარეს

„ეს დოკუმენტები გაქრა“, — განაცხადა კარლსონმა და იქვე განმარტა, რომ საფოსტო კომპანიამ შემოწმება ჩაატარა, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

გაზეთმა New York Post-მა ოქტომბერში რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა იმ მიმოწერაზე დაყრდნობით, რომლებიც მანამდე ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქში აღმოაჩინა დელავერის შტატის ერთ-ერთი კომპიუტერული სახელოსნოს სპეციალისტმა. ხელოსანმა ნოუთბუქის მყარი დისკის ასლი შექმნა და ის დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს რუდოლფ ჯულიანის გადასცა, რომელმაც მასალები მედიასაშუალებას მიაწოდა და ეს გამოქვეყნდა კიდეც The New York Post-ში. ნოუთბუქში აღმოჩენილი კონფიდენციალური ინფორმაცია ჰანტერ ბაიდენისა და უკრაინული გაზის კომპანია Burisma-ს ხელმძღვანელობის მრჩევლის ვადიმ პოჟარსკის მიმოწერას შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენი მანამდე თავადაც მუშაობდა ამ კომპანიის ხელმძღვანელობაში. ჯო ბაიდენის ოპონენტების დასკვნით, აღნიშნული მასალა მისი ოჯახის კორუმპირებულობას ადასტურებს.