ყვითელი ამბები

„ბინა დავკარგე, საშინელ დღეში ვარ...“ – ვინ ეხმარება ეკა კვალიაშვილს?

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება – გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა.
Sputnik

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს იძულებული გახდა ბინა გაეყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ფონდმა „ქართუმ“ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა, ბინის ქირის, ასევე კომუნალურების გადახდას და მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებს.

„ფაქტობრივად აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ამას დაემატა საბანკო კრედიტი და მომიწია ბინის გაყიდვა. მერე იყო გასტროლი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის, სადაც ჰონორარი არ გადამიხადეს. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობდი და არ მოველოდი. როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

ეკა კვალიაშვილს ერთი შვილი, მომღერალი ნუკა გვალია ჰყავს. ცოტა ხნის წინ კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება – გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ამბობს, უსახსრობის გამო წამლის ყიდვა უჭირს.

ვარსკვლავმა რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. იმედოვნებდა, იმდენ ფულს მოაგროვებდა, რომ სხვა დაავადებულებსაც უწილადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე თანხა მოგროვდა, სამაგიეროდ მომღერლის მისამართით ბევრი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა სოციალურ ქსელში.