თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სიმღერით „სადღეგრძელო“ ცნობილმა მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ ბლოკის „ძალა ერთობაშია“ ამომრჩევლებთან შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა.
ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით თავისუფლების მოედანზე ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
„მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამდენ ხალხს ვხედავ ერთად თბილისში. სულ ყველას გკოცნით, ძალიან მიყვარხართ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მერე უკვე დაიწყება სხვა ცხოვრება. მე მინდა დღევანდელი საღამო გავხსნა სიმღერით, რომლის ტექსტიც მე თვითონ დავწერე. მუსიკა არის ხალხური და სიმღერას ჰქვია სადღეგრძელო", – მიმართა კიკაბიძემ აქციის მონაწილეებს.
„თბილისოს“ ერთი კუპლეტი ბუბამ ტრადიციულად რუსულად იმღერა.
ორგანიზატორების თქმით, ისინი თბილისიდან და რეგიონებიდან 50 ათას მომხრეს ელოდებიან. შეხვედრა ატარებს სახელწოდებას „დავემშვიდობოთ ბიძინას“.
აქციაზე სიტყვით გამოვლენ ბლოკის ლიდერები, აგრეთვე შეკრებილებს კიევიდან მიმართავს პრემიერობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
კიკაბიძე ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სიის პირველი ნომერია. ბლოკში შედის ყოფილი მმართველი „ნაცმოძრაობა“ და კიდევ ოთხი პარტია. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით.