წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

ავსტრიელი მეცნიერების თქმით, ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება დაუშვებელია, მით უმეტეს, ექიმის დანიშნულების გარეშე.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინი, რომელსაც ცხიმების წვის უნარი აქვს, აცხადებენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია პორტალზე MedicalXpress.

რამდენიც უნდა ჭამოთ, არ გასუქდებით, თუ... მეცნიერებმა რუხი ქსოვილის ეფექტურობა დაადგინეს

ავსტრიელი სწავლულების თქმით, ეს A-ვიტამინია, რომელიც სიცივეში თეთრ ცხიმს რუხ ცხიმად გარდაქმნის.

ცნობილია, რომ ადამიანის სხეული ყველაზე მეტი რაოდენობით თეთრ ცხიმს შეიცავს, რომელიც ძირითადად გვერდების, თეძოებისა და მუცლის არეში გროვდება. ცივ ამინდებში კი ორგანიზმი იწყებს A ვიტამინის მარაგის გაზრდას. ამის შედეგად იწყება რუხი ცხიმის სინთეზი, რომელიც მეტაბოლურ აქტივობასა და ენერგიის მოხმარებას ზრდის.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში და გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ცვლაზე“, — ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში.  

ამასთან მეცნიერები მოგვიწოდებენ – არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ექიმს არ დაუნიშნავს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ნივთიერება ორგანიზმში საჭირო დროსა და საჭირო უჯრედებში მოხვდეს.

ავსტრიელი სწავლულები აცხადებენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლის მიზნით მომავალში ჭარბ წონაზე სიცივის გავლენის შესწავლას გეგმავენ.