პრემიერი: საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტზე უსაფრთხო იქნება

როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება უფრო მაღალი რისკის შემცველი იყოს, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე. 

Survation-ის გამოკითხვა: მოქალაქეების 71% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს მოსახლეობა პანდემიის პირობებში პირველად აირჩევს დეპუტატებს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

გახარიამ მოქალაქეებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რადგანაც, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე.

„ჩვენ წინ გველის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს მთავრობამ, ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანის უფლება სრულად იყოს აღსრულებული. პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, ხოლო დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ არის რეკომენდებული. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.