თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისის ცენტრში მიტინგის ჩატარებას აპირებს.
როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, ეს იქნება „გამარჯვების აქცია“ და მმართველმა პარტიამ „მორჩილად უნდა მიიღოს ქართველი ხალხის ვერდიქტი“.
"ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. 8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან, რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ. და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს დაუპირისპირებენ. გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს?! ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და ამის ეშინიათ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება. ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული სისტემით და 30-ს – მაჟორიტარულით.