კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა: მიზეზი გულის გაჩერებაა

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს კორონავირუსთან ერთად სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში კორონავირუსით დღეს 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ნიკოლოზ ყარალაშვილმა განაცხადა, ხანდაზმულ პაციენტს სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

„71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14829 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.