კახეთში ავარიაში 44 წლის ქალი დაიღუპა

თვითმხილველთა ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება „პირველი არხი“.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანას საბურავი გაუსკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 44 წლის ქალი. ორი მგზავრი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.