ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

სპორტული არენის გახსნაში, რომელიც პანდემიის გამო ძალზე მოკრძალებულად აღინიშნა, მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და სპორტის ვეტერანები.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ახალი სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ძალზე მოკრძალებულად, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე ჩატარდა.

ახალი სპორტული არენის აშენება აჭარის მთავრობას 141 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).

სტადიონი, რომელიც უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად აშენდა, განათებისა და ბგერის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი. სტადიონი ცეკვა „ხორუმის“ მოტივებზეა აგებული. ფიგურები ფასადის გასწვრივ მოცეკვავეების მოძრაობებს გამოსახავს. სტადიონის ფასადი, მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერში განათდება.

სტადიონის გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის, სფფ-ის წარმომადგენლები და სპორტის ვეტერანები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში სტადიონის გახსნით ქართველი გულშემატკივრის ოცნება ახდა.

„ეს სტადიონი უნდა გახსნილიყო სულ სხვა, ბევრად უფრო საზეიმო გარემოში, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე, ეს ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენს სპორტსმენებს ეს სტადიონი გამზადებული უკვე სჭირდებათ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა აქ ვარჯიშის, თავიანთი პროფესიონალიზმის განვითარების, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოუტანონ. ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ უკეთეს პერიოდში, უკეთეს დროს ჩვენ აქ მოვაწყობთ დიდ ზეიმს, დიდი გამარჯვებების ზეიმს“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერი, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე ბათუმელებს დაჰპირდა, რომ როგორც კი პანდემია დამთავრდება, ის აჭარაში აუცილებლად მოუყრის თავს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს.

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

„მე, როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოხარული ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სტადიონი აშენდა. კარგად გვახსოვს, ბათუმში სტადიონი როგორც დაანგრიეს და ამის მერე მის აშენებას ველოდებოდით. ძალიან დასანანია, რომ დღეს სტადიონი ისე ვერ გაიხსნა, როგორც ჩვენ გვსურდა. მაგრამ პირობას ვდებ საქართველოს წინაშე, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავებს ჩამოვიყვან“, – განაცხადა კალაძემ.

უახლოეს პერიოდში სფფ-ს ბათუმის ახალ სტადიონზე ორი საერთაშორისო მატჩი აქვს დაგეგმილი და მან უკვე გაგზავნა განაცხადი უეფაში სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან საქართველოს ნაკრების მატჩებთან დაკავშირებით.

ბათუმში ახალი სტადიონი გაიხსნა

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს.