ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.