კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

კუკავას განმარტებით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და სიმპტომებიდან მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

პოლიტიკოსი ამ დროისათვის თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

კუკავას განმარტებით, მას ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და სიმპტომებიდან მხოლოდ მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. 

„ვირუსი მსუბუქი ფორმით მაქვს გამოხატული, ძირითადად სიცხე მაქვს. ვესაუბრე ექიმს და მითხრა, რომ სახლში, თვითიზოლაციაში უნდა ვიყო... ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და მუშაობას ონლაინ–რეჟიმში გავაგრძელებ“, – განაცხადა კახა კუკავამ.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, კუკავას თქმით, იგი ბოლო დღეებში აჭარაში იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდა.

„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30303 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 11370 ადამიანი, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.