მსოფლიო დღეს

„მემკვიდრეობას ვიბრუნებ“: მამაკაცი ლუვრიდან სკულპტურის გატანას ცდილობდა – ვიდეო

ეროვნული მემკვიდრეობისთვის მებრძოლი აქტივისტი საქმის სასამართლოში განხილვამდე თავისუფალია, თუმცა ყველა ტიპის მუზეუმში შესვლა აეკრძალა.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მიმაქვს ის, რაც აფრიკიდანაა მოპარული, განუცხადა პოლიციას კონგოელმა მამაკაცმა, რომელიც ლუვრიდან XIII საუკუნის სკულპტურის გატანას ცდილობდა.

პარიზში მომხდარი ინციდენტის თაობაზე წერს გაზეთი The Art Newspaper.

გამოცემის ცნობით, მამაკაცმა პირდაპირ ლუვრის ვიზიტორების თვალწინ მოხსნა პოსტამენტიდან სკულპტურა და შეეცადა მუზეუმიდან გაეტანა, რათა „აფრიკისთვის მოპარული მემკვიდრეობა“ დაებრუნებინა.

„მე შინ ვბრუნდები ამ მემკვიდრეობით, რომელიც მოიპარეს“, — ამბობს ის ვიდეოში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სკულპტურა ინდონეზიის კუნძულ ფლორესზეა შექმნილი და არანაირი კავშირი არ აქვს აფრიკასთან.

​გაირკვა, რომ სკულპტურის გამტაცებელი კონგოელი აქტივისტი ემერი მვაზულუ დიიაბანზაა. ის უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე, სადაც საქმის განხილვა 3 დეკემბრისთვის ჩაინიშნა. მანამდე კი დიიაბანზა თავისუფლებაზე დატოვეს, თუმცა ყველა ტიპის მუზეუმში შესვლა აუკრძალეს.

არსებული ცნობით, კონგოელ აქტივისტს დამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის მუხლით გაასამართლებენ.  

აღსანიშნავია, რომ ემერი მვაზულუ დიიაბანზასთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის სამუზეუმო ექსპონატის გატაცებას ცდილობს. მანამდე მან Quai Branly Museum-დან სცადა დასაკრძალი ჭურჭლის გატაცება. მაშინ სასამართლომ ის ათასი ევროთი დააჯარიმა.