გიორგი გახარიამ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს შეხვდა.

მთავრობის მეთაური რეგიონში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მივიდა. ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ მან სამხარეო ადმინისტრაციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა და შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა. გახარიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები და შეხვედრის მთავარი განხილვის თემა 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმა იყო.

იძებნება! – შსს-მ ტერორიზმში ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა

პარალელურად ამ დროისათვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.