თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას.
21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა – აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას.
„ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც ზოგიერთი ტელევიზია, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, პოლიტიკურად დააკონვერტიროს ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური“, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დარწმუნებული ვარ, დასრულდება წარმატებით. მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხვდა ბედნიერება და ვიმუშავე ორი წელი. იდეალურად, ზედმიწევნით ვგრძნობ და ვიცი, რას გრძნობს ახლა თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელი. მე მინდა, მათ სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ისევე, როგორც თითოეულ სამხედროს, რომელიც უბრალოდ იმიტომ, რომ სამ დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ. ეს არის ამორალური“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
დღეს პრემიერი იმყოფებოდა ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში, სადაც აღნიშნული საქმის დეტალებს ეცნობოდა. მან შენობა უკომენტაროდ დატოვა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.