თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე უკან წაიღებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიმართა.
მოსაზრება: რატომ აღორძინებს რუსეთი „განკითხვის დღის თვითმფრინავებს“ >>
ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საკითხი მუდმივად იდგეს ყველა საერთაშორისო ფორმატის დღის წესრიგში.
„რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო თანმიმდევრულ მუშაობას არ გააგრძელებს ხალხებს შორის ურთიერთობების მოწესრიგების, ტურიზმის აღდგენისა და სხვა ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის მიმართულებით.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ 1990-იანი წლებიდან არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გაწყვიტა. საქართველოს და რუსეთის ურთიერთობებში შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.
დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალი წლის განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და პრაღაში ორი ქვეყნის დიპლომატების - ზურაბ ჯაფარიძის და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდებოდა.
ჟენევაში განიხილება პოლიტიკური პრობლემები, პრაღაში - ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები.