თბილისის №161 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის №161 სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავის 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ დროისათვის თვითიზოლაციაშია გადასული, სკოლის შენობაში კი სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება. 

საქართველოში კიდევ რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

სკოლის ადმინისტრაციის განმარტებით, პედაგოგი შეუძლოდ ხუთშაბათს გახდა, მოგვიანებით კი ვირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

„მასწავლებელმა გუშინ, საღამოს მაცნობა, რომ დაუდასტურდა ვირუსი და კოვიდ–სასტუმროში შვილთან ერთად გადაიყვანეს. ინფორმაცია ვაცნობე დირექტორს. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მთელი სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ როზა კაკულიამ.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 28431-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10767 ადამიანი, გარდაიცვალა 201 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.