ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძის ერთი მზიანი დღე ამერიკაში – ასე ისვენებს ახალბედა დედა

პოპულარული მომღერალი სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს. მისი თაყვანისმცემლები შემსრულებლის Instagram-ზე არიან ჩასაფრებული. სოფო ნიჟარაძის მორიგმა გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. რა გახდა ამის მიზეზი?
Sputnik

სოფო ნიჟარაძე მსმენელს ძველებურად აღარ ანებივრებს, თუმცა რამდენიმე თვის წინ მან თაყვანისმცემლები განსაკუთრებულად აღაფრთოვანა. მომღერალი ამერიკაში გაემგზავრა და იქ ქალიშვილი გააჩინა. ამ დროისათვის უცნობია, თუ ვინ არის შეუდარებელი შემსრულებლის მეორე ნახევარი. არტისტი სოციალურ ქსელშიც პასიურობს, ის ხომ ახალბედა დედაა. მისი ყოველი პოსტი კი ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

ფეხმძიმობისა და ამერიკაში ყოფნის მანძილზე სოფო სოციალური ქსელიდან ფაქტობრივად გაუჩინარდა. მის გვერდზე ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული ფოტოები ან ძალიან ძველია, ან თითოეულ მათგანზე მომღერალი მომატებულ კილოგრამებსა და მუცელს მალავდა. მან დღემდე უპასუხოდ დატოვა მრავალი კითხვა, რომელიც „ფანებს“ მოსვენებას არ აძლევს. სამაგიეროდ სოფო საკუთარ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის „სთორებით“ ეკონტაქტება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

მომღერალმა ერთი თვის წინ ამერიკულ ეზოში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც სიმშვიდე და ჰარმონია განსაკუთრებით იგრძნობა. სოფოს სტუმრები ციყვი და ირემი იყვნენ, რომლებსაც მომღერალი ხშირად მასპინძლობს. როგორც ჩანს, სიმწვანეში ჩაფლული სახლი ნიჟარაძის დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც მან ხუთი თვის ქალიშვილთან ერთად ამერიკაში აიხდინა.

მშობიარობის შემდეგ მომღერალმა არასასურველ კილოგრამებთან ბრძოლა გადაწყვიტა. რამდენიმე Insta-story მან სოციალურ ქსელში ფიტნეს-ცენტრიდან გამოაქვეყნა. უახლეს ვიდეოზე კი კარგად ჩანს, რომ სოფომ რამდენიმე კილოგრამი დაიკლო. თუმცა, ვიდეოზე სხვა ცვლილებაც ჩანს. სოფო ნიჟარაძემ ბუნებრივი თმა შეიღება და ახლა მის ვარცხნილობას მოწითალო ფერი დაემატა.

როგორც ჩანს, ახლა სოფო ინტენსიურ ვარჯიშს შეუდგა. ამერიკაში ფიტნეს-ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ვარჯიშობს და მშობიარობის შემდეგ ძველ ფორმაში დაბრუნებას დიდი შემართებით ცდილობს.