თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-ის ანონიმურ გვერდებზე, ანონიმური და ყალბი მასმედიის ვებ-გვერდებზე პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანია აქტიურად გრძელდება. ასეთ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).
ორგანიზაციამ სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის რიგით მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგი 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ჩხუბი, შეხვედრები და კორონავირუსი: არჩევნების ბოლოსწინა კვირა საქართველოში>>
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 900 ვებ-გვერდი და 11,4 ათასზე მეტი პოსტი.
კერძოდ, კვლევამ გამოავლინა:
- ღირებულებით საკითხებზე საზოგადოების პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი;
- ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 36 გვერდი;
- მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 30 გვერდი;
- ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი;
- ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 18 გვერდი;
- ხელისუფლების მხარდამჭერი 17 გვერდი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისა და კანდიდატების პოლიტიკურ რეკლამაზე Facebook-ზე და Instagram-ზე 320 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა.
პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა 4 925 რეკლამა, ძირითადად, დეკლარირებული სახით.
პოლიტიკური რეკლამის ნაწილი ვრცელდებოდა ანონიმურად, სავალდებულო დეკლარირების გარეშე, ხოლო Facebook-ის რეაგირება, მიუხედავად რეპორტებისა, იყო არაეფექტური და არასაკმარისი, აღნიშნულია ანგარიშში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველს აქედან 150 დეპუტატის არჩევა მოუწევს – 120-ის – პარტიული სისტემით და 30-ის – მაჟორიტარული.