საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ვაშლის საპროგნოზო მოსავალიც და ის წელს 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან, ბოლო მონაცემებით, 3 005 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით თითქმის რვაჯერ მეტს შეადგენს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ორჯერ გაიზარდა

უწყების ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1 მლნ დოლარით მეტია.

„წელს ქართული ვაშლის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა, სადაც 2 894 ტონა ვაშლი გავიდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაშლის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე ყაზახეთი, სომხეთი, სინგაპური და ჰონკონგი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამჯერ არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით ვაშლის საპროგნოზო მოსავალიც და ის წელს 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით 1 128 ჰექტარზე გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.