მსოფლიო დღეს

წერტილი უნდა დაისვას: იაპონიის პრემიერი კურილის კუნძულების თემას უბრუნდება

აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციაში შესული ახალი ცვლილებების თანახმად, ტერიტორიების გასხვისება იკრძალება.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. კურილის კუნძულების კუთვნილების საკითხში საბოლოო წერტილი უნდა დაისვას, განაცხადა იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ პარლამენტში პირველი საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

პრემიერს იმედი აქვს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, ანუ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე წარმატებით დასრულდება.

„ჩრდილოეთ ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებში აუცილებელია საბოლოო წერტილი დაისვას და არ გადაიდოს ის მომავალ თაობებამდე“, — აღნიშნა სუგამ.

გარდა ამისა იაპონიის ახალი პრემიერი აპირებს განავითაროს მოსკოვთან ყოველმხრივი ურთიერთობი „უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე ღია დიალოგის დახმარებით“, რაშიც ასევე მოიაზრებს რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.   

​მიმდინარე წლის ივლისში იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ შეცვლიდა პოზიციას ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით და საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებოდა, რაც რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კენჭისყრა დასრულდებოდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებში შესულია მუხლი ტერიტორიების გასხვისების აკრძალვის შესახებ.

იოშიჰიდე სუგამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი 16 სექტემბერს დაიკავა. მისმა წინამორბედმა სინძო აბემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ახალი პრემიერი შეძლებს მოსკოვთან მოლაპარაკებების გააქტიურებასა და სადავო კუნძულების საკითხში მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევას.

იაპონია, ვაჭრობისა და საზღვრების შესახებ 1855 წლის ორმხრივი ტრაქტატის საფუძველზე, პრეტენზიას აცხადებს ოთხ კუნძულზე — კუნაშირზე, შიტოკანზე, იტურუპსა და ჰაბომაიზე. სწორედ ამ კუნძულების დაბრუნებას ასახელებს ტოკიო რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პირობად, რომელზეც ორ ქვეყანას ჯერაც არ მოუწერია ხელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

მოსკოვი აცხადებს, რომ აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შედეგების შესაბამისად გადავიდა და ეს საერთაშორისო სამართლის თანახმადაა გაფორმებული.