თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვი და ზოგრაბ მნაცაკანიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მორიგ ჰუმანიტარულ დაზავებაზე შეთანხმდნენ.
ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
ცეცხლის შეწყვეტის მორიგი რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბაქოსა და ერევნის მორიგების რიგით მესამე მცდელობაა. წინა ორი შეთანხმება მათი ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ახალი დაზავების ამოქმედებიდან მცირე ხნის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს ურთიერთბრალდების განცხადებები და ერთმანეთი ტერიტორიების დაცხრილვაში დადანაშაულეს.
ამის პარალელურად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი) და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნება მთიან ყარაბაღში სამშვიდობო დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ზომა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.