თბილისში კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი გაიხსნა

მერიის ცნობით, ცენტრი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ტექნიკურ დარგში კადრების პროფესიულ დონეზე მომზადებასა და მათ დასაქმებას.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში კავკასიის სასწავლო და საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცენტრი ტექნიკური დარგის ასეულობით სპეციალისტს მოამზადებს, რაც შემდეგში მათი დასაქმების გარანტიას შექმნის.

„სასწავლო პროცესი ნოემბერში დაიწყება და ცენტრს სრულფასოვნად ექნება შესაძლებლობა, დაიწყოს სპეციალისტების გადამზადება. ის ხელს შეუწყობს საჭირო კადრების როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ მომზადებას. გაიცემა სერტიფიკატები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ საქართველოში დასაქმდნენ, არამედ ჩვენს საზღვრებს გარეთაც“, – განაცხადა მერმა.

მერიის ცნობით, პროექტი საერთაშორისო მასშტაბისაა და ქართულ რეალობაში უპრეცედენტოა.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა

ცენტრში დაგეგმილია სწავლება სხვადასხვა ტექნიკურ პროფესიაში. კერძოდ, ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, სპეციალური მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეციალური ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, უსაფრთხოების სპეციალისტი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტი და სხვ.

გარდა თეორიული სწავლებისა, სასწავლო ცენტრში ჩატარდება პრაქტიკული მეცადინეობები, რისთვისაც მოწყობილია ტექნიკური ინსპექტირების ერთი უნივერსალური და ექვსი LV ტესტირების ხაზი.

პროექტში უკვე განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია. იგეგმება მისი მოცულობის გაზრდა.