შსს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორს ასახელებს

ამ წუთებში ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში საქართველოს ბანკზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა და მისი ვინაობის დადგენა მოხდა თავდასხმის ღამესვე, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებულის დასაკავებლად ამ დროისთვის სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ წუთებში ზუგდიდში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ზუგდიდში სპეცოპერაცია ტარდება

ბორცვაძის განცხადებით, ესებუას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენა, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. საბოლოოდ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია - შსს >>

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.