ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ჩვენ ვართ მეომრები“: ერდოღანის ფავორიტი ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტი გახდა

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.