არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

კორონავირუსი და არჩევნები: ცესკომ დაავადებულთა საკითხი გადაჭრა

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.