საქართველომ ჯანმოს რეკომენდაცია მიიღო: COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ გამოიყენებენ

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ კორონავირუსით ინფიცირების ყოველი მომდევნო დღე-ღამური მაჩვენებელი რეკორდული იქნება
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „რემდესევირის“ გამოყენების რეკომენდაცია მიიღო, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორ ვმართოთ COVID-19 ბინაზე: მთავრობამ ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა >>

„რემდესივირი“ ნუკლეოტიდური ანალოგების კლასში ახალი ანტივირუსული პრეპარატია. აშშ-მა 2020 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გამარტივებული წესით გასცა,

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ „რემდესივირი", შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ხუთი ათასი შემთხვევა დღე-ღამეში? - როდის იქნება კორონავირუსის პიკი საქართველოში

ბრიფინგზე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი PCR-ტესტია. რაც შეეხება ანტიგენებსა და ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს - 200 ათასი. ჯანდაცვის სამინისტრო ტესტების დამატებითი პარტიების შესყიდვაზე მუშაობს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, საქართველო მალე გადავა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდული იქნება.

აგრეთვე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქუთაისსა და აჭარაში პაციენტების გამოჯანმრთელების კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება. გუშინწინ ქუთაისის კლინიკებიდან 118 პაციენტი გაეწერა, აჭარაში - 181.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დამტკიცდება იმ კლინიკების ჩამონათვალი საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში, ახალციხესა და ლანჩხუთში, რომლებიც ცხელების ცენტრების ფუნქციას შეასრულებენ. ამ მიმართულებით 442 საწოლის მობილიზება იგეგმება.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნების სიიდან“ ამოიღეს, ტიკარაძემ განმარტა, რომ აღნიშნული კომპონენტი მუდმივად იცვლება.

სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულთ PCR-ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

„საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება თუ არა მოგზაურობა, ამას კვლავ ევროკავშირი გადაწყვეტს. ჩვენ თუ დღევანდელი ჭრილით განვიხილავთ იმ მდგომარეობას, რაც ევროკავშირშია, ვნახავთ, რომ ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფო დღეს ლოქდაუნზე საუბრობს, აქედან გამომდინარე, მე ამ გადაწყვეტილებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებდი. ეს არის ცვლადი კომპონენტი, შეიძლება კვლავ ამოღებული ვიყოთ იმ რისკქვეყნებიდან, რომელშიც ჩვენ დღეს ან გუშინ ვიყავით შეყვანილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ცნობილია, საქართველო, ტუნისი, კანადა აღარ არიან „უსაფრთხო ქვეყნების სიაში“. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში დროებით შეეზღუდათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 24 562 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი ორი ათასს უახლოვდება, ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ნოემბერში ახალი შემთხვევების რაოდენობა სამ-ოთხ და ხუთი ათასსაც კი მიაღწევს დღე-ღამეში.