თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 941-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობა 26 503-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 1 034 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.
თბილისის გარდა, ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევებიდან 320 - აჭარაში, ხოლო 258 იმერეთში დაფიქსირდა.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ორი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 193-ს მიაღწია.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე სულ აქტიური 16121 შემთხვევაა, საიდანაც 3571 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის თბილისში - 1762, აჭარაში - 686. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, თბილისში ასეთი 232 პაციენტია, ხოლო აჭარაში - 77.
კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 293 პირი, მათ შორის 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში.
ბინაზე 10 257 პაციენტი მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია სულ 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში - 2 183.
სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადმოყვანილია - 7 916 პირი.
„დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741“, - განაცხადა სიჭინავამ.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.