შესაძლოა რესტორნებმა ღამის საათებში კვლავ განაგრძონ ფუნქციონირება

რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს. საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით პირობა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მთავრობის მეთაურისგან მიიღო.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ იუწყება.

COVID-19 საქართველოში: მთავრობამ მკაცრი რეკომენდაციები გასცა

ბურჯანაძის თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

 „კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით პრემიერთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც 300 000 ადამიანზე მეტს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

 „ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, რომელიც დღეს აღნიშნულ სფეროში არსებობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

კორონავირუსი კიდევ ერთ ცნობილ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა

მისი თქმით, აუცილებელია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების გადარჩენა, აღნიშნული საკითხი კი პრემიერის მხრიდან სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დღგ-ს გადასახადზე და ბანკებთან ურთიერთობებზე.

ბურჯანაძის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ.

20 ოქტომბერს კი რესტორნების სამუშაო გრაფიკი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შეიზღუდა.

თბილისში ღამის ბარების მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ქვეყანა ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 1941-ით იმატა და საერთო რაოდენობა 26503-ს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღის პირველ ნახევარში განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.