მსოფლიო დღეს

მაიკ პომპეო დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებთან შეხვედრა აშშ-ში რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პარასკევს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ცალ-ცალკე შეხვდება, იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტი.

ჯანმო მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ ბრძოლები ყარაბაღში

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლებთან შეხვედრა აშშ-ში რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა. 

მაიკ პომპეო აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჯეიჰუნ ბაირამოვს ადგილობრივი დროით 9:30 საათზე მიიღებს, ერთი საათის შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდება.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ უშუალოდ მინისტრებისგან სურს მოისმინოს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დეესკალაციის გზები მოიძებნოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

ისევ მოლაპარაკებები? აზერბაიჯანელი და სომეხი მინისტრები მოსკოვში არიან

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.