მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში მანამდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს: ვრცელდება ვიდეო

მეცნიერების თქმით, უცნობ ორგანოს მანამდე, სავარაუდოდ, კვლევისთვის მისი მოუხერხებელი მდებარეობის გამო ვერ ამჩნევდნენ.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ორგანო, რომელიც არც ერთ კვლევაში არ არის აღწერილი. შესაბამისი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Radiotherapy and Oncology.

სენსაცია მედიცინაში: ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანში ახალი დიდი ორგანო აღმოაჩინეს

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტები პაციენტებს პოზიტრონ-ემისიური და კომპიუტერული ტომოგრაფიის  მეშვეობით იკვლევდნენ, რა დროსაც სიმსივნეების დასადგენად ორგანიზმში რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული გლუკოზა შეიყვანეს. შედეგად, სურათებზე იპოვეს სანერწყვე ჯირკვლების მეოთხე წყვილი, რომელმაც ასევე მოახდინა რეაგირება შეყვანილ პრეპარატზე.

აღსანიშნავია, რომ ეს ორგანო იპოვეს იმ ასივე პაციენტში, რომლებიც PSMA PET/CT სკანერით გამოიკვლიეს. აღმოჩენა დაადასტურა ორი ცხედრის (მამაკაცისა და ქალის) გაკვეთამაც.

მკვლევარების განმარტებით, მანამდე მიიჩნეოდა, რომ ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ სამი წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვალია — ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლად აღმოჩენილი ჯირკვლების წყვილი ხახის მილის ღარს მიღმა, პრაქტიკულად, თავის ცენტრში მდებარეობს, სპეციალისტებმა მათ მილაკოვანი უწოდეს.

მეცნიერების თქმით, მილაკოვან ჯირკვლებს მანამდე, სავარაუდოდ, სწორედ კვლევისთვის მათი მოუხერხებელი მდებარეობის გამო ვერ ამჩნევდნენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მთელ გაყოლებაზე, შარდის ბუშტის გარშემო, არტერიების, ბრონქების, მყესების ირგვლივ და კანქვეშ მდებარე ახალი სტურქტურა აღმოაჩინეს და მისი ორგანოდ ჩათვლა მოითხოვეს.