რა შემცირდა, რა გაიზარდა და რატომ? ანუ კოვიდ-ეკონომიკის კალეიდოსკოპი...

COVID-19 და ეკონომიკა, სავალუტო კურსი, ფულადი გზავნილებისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდულად გაზრდილი მოცულობა, მოქალაქეთა შემცირებული შემოსავლები და მომავალი წლის პროგნოზი...
Sputnik

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე გიამბობთ. ვფიქრობ, მოულოდნელი არ იქნება, თუ ცალკეულ მოვლენებს, პარამეტრებსა და ტენდენციებს ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის ეფექტის კონტექსტში განვიხილავ.

მკითხველის ყურადღებას, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის კურსზე გავამახვილებ. არ არის უცხო, რომ გლობალური გამოწვევა საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ ლარის გაცვლით კურსზე აისახა. ეროვნულ ვალუტას არც მანამდე ულხინდა! − ბრძანებთ თქვენ და მართალიც იქნებით, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ცხრა თვეში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ, გაუფასურების სწრაფი ტემპის მიუხედავად, ბოლო ჟამს პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

რამდენს დახარჯავს საქართველო მომავალ წელს? პრიორიტეტები ციფრებში

თუ სექტემბრის მეორე დეკადიდან მოყოლებული დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდებოდა და მისი კურსი მკვეთრად მერყეობდა, უკვე ოქტომბრის პირველი რიცხვებში ლარის გაუფასურების ტემპი შენელდა და კურსიც თანდათან დასტაბილურდა.

თითქმის სამი კვირაა, რაც ლარის კურსი ერთი ამერიკული დოლარის მიმართ 3.22-3.27 ფარგლებში მერყეობს. არის მოსაზრება, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსი უფრო დასტაბილურდება და მკვეთრი გაუფასურება ან გამყარება მოსალოდნელი არ არის.

მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსს, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც განსაზღვრავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 28 პროცენტით გაიზარდა და 192.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი თანხა – 35.1 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე პოზიციაზე იტალიაა, საიდანაც 29.2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ვინ და როგორ ადგენს ლარის კურსს?.. რა ხდება სავალუტო ბაზარზე?..

COVID-19-ის პანდემიისას ეკონომიკური შოკის პირობებში, როცა წარმოებაც შემცირდა და გლობალურად მოთხოვნა საგრძნობლად ნაკლებია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა გაიზარდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ადგილობრივმა ექსპორტმა 1 720.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. „საქსტატი“ იუწყება, რომ ადგილობრივი ექსპორტის ეს მაჩვენებელი წლის აღნიშნული პერიოდისთვის ისტორიული მაქსიმუმია. ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარი-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან მიმდინარე წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, ადგილობრივი ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში გადის. რაც ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.

მიზეზ-მიზეზ... ანუ რა აკლია ლარს?

არახალია, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი იზრდება. გამონაკლისი არც 2020 წელია. 30 სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 3.172 მილიონი დოლარით გაიზარდა და 6.761 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საინტერესოა, ვისი გვმართებს ყველაზე მეტი? მსხვილ კრედიტორებს შორის ლიდერობს აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ საქართველოს ვალი 1.412 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მეორე პოზიციაზეა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 1.066 მილიარდი დოლარი გვმართებს. პირველ სამეულშია მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც ქვეყანას სხვადასხვა დროს ჯამურად 909.533 მილიონი დოლარი ასესხა.

რატომ „გარბის“ ლარი და ვინ „დაიჭერს" ეროვნულ ვალუტას?

საკამათო არ არის, კორონავირუსის პანდემია მკვეთრად ნეგატიურად აისახა საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლებზე. ათასობით დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა სამსახური დაკარგა. მთავრობის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა. ეს რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დაასახელა. აღნიშნა, რომ შემოსავალდაკარგული მოქალაქეების რაოდენობის განსაზღვრისას პირადად ის კომპანიების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე საკომპენსაციოდ გაცემული თანხის მოცულობას დაეყრდნო.

ციკლიდან „აშკარა, მაგრამ დაუჯერებელი“, ანუ საბანკო სექტორის პარადოქსი

ამასობაში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ მომდევნო წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზრდება. საგულისხმოა, რომ საბიუჯეტო ოფისის ეს მონაცემი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ამავე საპროგნოზო მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. და რა არის ოპტიმიზმის საფუძველი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. ვეცდები განვმარტო. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ ვირუსის გავრცელება ჩვენში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი და რადიკალური შეძღუდვების გარეშე გაივლის, ხოლო მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ეკონომიკა აღდგენას სწრაფად დაიწყებს. საბიუჯეტო ოფისი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებსაც დაეყრდნო. ზოგადად, 2021 წელს ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირებაა მოსალოდნელი.

როგორია სტატისტიკა?.. ანუ ქართული ეკონომიკა ციფრებში...

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ოპტიმიზმს იზიარებს და საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კერძოდ როგორ აისახება გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ახლო აღმოსავლეთისა და ცენრალური აზიის რეგიონზე – ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს. მოგვიანებით ამავე დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რამაც საშუალება მისცა გაეუმჯობესებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს კი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიური შოკის დროს, რომელმაც მძიმედ დაარტყა საქართველოს ეკონომიკას. ჯიჰად აზურის თქმით, ცენტრალურმა ბანკმა მაკროეკონომიკური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა დაეცვა ქართული ეკონომიკა, მათ შორის გაცვლითი კურსი, იმ შოკისგან, რომელსაც საქართველო განიცდიდა. მთავრობამ მიიღო ზომები დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების მიზნით. ყველა რეფორმა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. „კრიზისის დროს ჩვენ დავინახეთ ერთგვარი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს პოტენციალს – სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

ცოტა თუ ბევრი? ანუ საბანკო სექტორის ერთი თვე ციფრებში

გამართლდება თუ არა ოპტიმისტური პროგნოზი და როგორი იქნება მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი არსებულ რეალობას დავუბრუნდეთ.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებსა და მთავრობის მხრიდან ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გადავადებაზე შუამდგომლობას ითხოვენ. რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გლობალური პანდემიის პერიოდში ეტაპობრივად შემოღებული შეზღუდვების გამო რესტორნების 70 პროცენტამდე დაიხურა და გაკოტრდა. მისივე თქმით, 100 ათასმა ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა. „პრობლემა იმდენად დიდია, 300 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს... საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“, − დასძინა შოთა ბურჯანაძემ. ბრიფინგის დამთავრებიდან მალევე გაირკვა, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამავე დროს მასმედიამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსისგან ბექა ფერაძისგან შეიტყო, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევის გამო 12 ობიექტი დაჯარიმდა და თითოეულ მათგანს ბიუჯეტში ათი ათასი ლარის გადახდა მოუწევს...

რას ითხოვენ კომერციული ბანკები, ანუ დაირღვა თუ არა პირობა?

და, ბოლოს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება. „მომავალში მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ელემენტარული წესები დაიცვან... ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით“, − განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდულია. მთავრობამ და ბიზნესმა ერთად უნდა გადაწყვიტონ სად და რა მიმართულებით მიმართონ ეს რესურსი როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით.

წამზომი ღვინობისთვის მესამე დეკადას ითვლის. როგორი ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდება ქვეყანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, დრო გვიჩვენებს. გაირკვევა, როგორ ეკონომიკურ მემკვიდრეობას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა...