მსოფლიო დღეს

ფინალური დებატები აშშ-ში: კანდიდატებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს – ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატებმა პირისპირ დებატების წინ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარეს, რის გამოც ორგანიზატორებმა მათ შორის გამჭვირვალე ბარიერი აღარ ჩადგეს.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ნეშვილში (ტენესის შტატი) დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის ფინალური დებატები გაიმართა. კანდიდატები პირისპირ შეხვდნენ და საათნახევარზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს.

მანამდე ტრამპმაც და ბაიდენმაც ტესტი ჩააბარეს კორონავირუსზე და უარყოფითი პასუხების გამო დებატების ორგანიზატორებმა ოპონენტებს შორის გამჭვირვალე ბარიერი აღარ ჩადგეს. სამაგიეროდ, პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამ ჯერზე კანდიდატებს მიკროფონებს უთიშავდნენ მანამ, სანამ ოპონენტი საუბრობდა, რათა ერთმანეთისთვის სიტყვის გაწყვეტის საშუალება არ მიეცათ — როგორც ეს სექტემბრის ბოლოს გამართული დებატებისას ხდებოდა.

შეხვედრის ძირითადი თემები, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა კორონავირუსი, ეროვნული უსაფრთხოება, რასიზმთან ბრძოლა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევა. ასევე ნახსენები იყო კორუფციული სკანდალი დემოკრატების კანდიდატის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის მონაწილეობით.

რუსეთის არა, სხვისი ვალები მაქვს: ტრამპმა ამომრჩევლებს პასუხი გასცა

კორონავირუსის ეპიდემიაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ვაქცინა მზადაა და ამის შესახებ ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოცხადებული“.

ამაზე პასუხად ბაიდენმა შენიშნა, რომ „ვაქცინაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც მანამდე ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი აღდგომამდე, მერე კი ზაფხულამდე დამთავრდებოდა“.

დემოკრატების კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში პირველი, რასაც ის გააკეთებს, ისაა, რომ წაახალისებს პირბადის ტარებას ყველგან და ყოველთვის.

რუსეთის თემაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ბაიდენი მოსკოვისგან 3,5 მლნ დოლარის მიღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ოპონენტს ოდესმე მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული. პროექტ US Election Project-ის დათვლით, ამ დროისათვის ხმა წინასწარ უკვე მიცემული აქვს 47 მლნ-ზე მეტ ამერიკელს.