„ხაჭაპურები გვაჭამა, ძალიან თავაზიანი იყო...“ – რას ჰყვება გათავისუფლებული მძევალი

ზუგდიდში 21 ოქტომბერს უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი თიკო ხუფენია სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდამსხმელი მძევლებს ხაჭაპურით გაუმასპინძლდა, ძალიან თავაზიანი იყო და მათ კონდიციონერის ჩართვაც კი შესთავაზა, თუ სიცხე აწუხებდათ.

„ძალიან თავაზიანი იყო“, – წერს გათავისუფლებული მძევალი, რომელმაც მძევლად ყოფნისას სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ფოტოც გამოაქვეყნა.

ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გათავისუფლდა 43 მძევალი, სპეცოპერაცია ზუგდიდში გრძელდება: შსს განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში 21 ოქტომბერს უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მთელი დღის განმავლობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელსაც მოთხოვნილი თანხა მიუტანეს, ბანკის შენობა ოთხ მძევალთან ერთად პოლიციის პიკაპით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო.

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და გალდავამ მიიტანა ბანკში თანხა, რომელიც თავდამსხმელმა მოითხოვა.

თანხის მიტანის შემდეგ შენობა გათავისუფლებულმა მძევლებმა დატოვეს.

შსს-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.