შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლოს უნდობლობას უცხადებს

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, რომელიც 23 ოქტომბერს გაიმართება, ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა, იუწყება „პირველი არხი“. 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ

როგორც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატმა როსტომ კერესელიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამომწრავი ინფორმაცია მისცა იმ ღამის მოვლენების შესახებ, რომლის მოწმეც იგი გახდა.

„მისი ჩვენებები მთლიანად ემთხვევა იმ ღამის მოვლენებს, რაც მთლიანად აბათილებს პროკურატურის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გ.მ.-მ წინასწარ განახორციელა ამ ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა ძალადობრივი ქმედებები“, – განაცხადა კერესელიძემ.

ადვოკატის თქმით, ჩვენებების თანახმად მტკიცდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს რაიმეს ორგანიზების არანაირი განზრახვა არ ჰქონია. მისი მხრიდან ტელეფონის არც ერთი ზარი არ განხორციელებულა იმისთვის, რათა 18 ივნისის ღამეს მოეხდინა გარკვეული პირების ორგანიზება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს ჩვენებები სანდრო არ არის.

„მოწმე, ყველა ძირითად კითხვაზე პასუხისას ამბობდა, რომ „არ ახსოვს“. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადაადგილდებოდა ლ.შ.-სთან ერთად და 31 სატელეფონო ზარზეა საუბარი გადაადგილების პროცესში. რატომღაც მოწმე მნიშვნელოვან ზარებს, დეტალებს ვერ იხსენებდა და ვერც იმ პირებს, ვისთანაც მოხდა საუბარი“, – განაცხადა პროკურორმა.

ასევე იგეგმებოდა კიდევ ერთი არასრულწლოვნის დაკითხვა, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა – იგი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს.

პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს>>>

23 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან ხუთს განზრახ მკვლელობაში, დანარჩენებს კი ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი. პროცესების ნაწილი დახურულია, რადგან ბრალდებულთა შორის არასრულწლოვნები არიან.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.