თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში, სადაც გუშინ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, საგამოძიებო ღონისძიებები დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მასმედიის წარმომადგენლებსა და გადამღებ ჯგუფებს ბანკის შენობასთან მისვლის საშუალება მხოლოდ დღეს, დილით მიეცათ. გუშინ ტერიტორია სპეციალური ლენტით იყო შემოსაზღვრული. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ამ დროისათვის ბანკის ფილიალი კლიენტებისთვის დაკეტილია. მათ მხოლოდ შენობის შესასვლელთან განთავსებული ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, ცენტრალური კარი კი დალუქულია.
21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ბანკში მძევლები აიყვანა. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.
შსს: ყველა მძევალი გათავისუფლებულია>>>
შსს-ს ცნობით, შეიარაღებულ პირს თავდაპირველად მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. უწყების ინფორმაციით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. საბოლოოდ ყველა მძევლის გათავისუფლება დილისთვის გახდა შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.