პროკურატურა არკვევს, რატომ მოითხოვდა ოპოზიცია 2012 წელს სააკაშვილის იმპიჩმენტს

ჯონდი ბაღათურიამ უამბო გამოძიებას ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც გამოიწვია ყოფილი ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურა უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა >>

როგორც ბაღათურიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ მოითხოვდა ის 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს.

ბურჯანაძე მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთის თაობაზე

„მე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დავდე სახელმწიფო ღალატში. ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატი და დათმეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და სხვა რიგი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფოს ღალატს და ცდილობენ იმ დოკუმენტის დელეგიტიმაციას, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და არა – აზერბაიჯანის“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ ბრალდებებს 2012 წელს საფუძვლად დაედო ის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ბერებსა და მომლოცველებს უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ გზა გადაუკეტეს.

„მაშინ, მიხეილ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია დაეცვა, წავიდა იტალიაში შოპინგზე და გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება, რომ დავით გარეჯის ნაწილი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ბაღათურია დარწმუნებულია, რომ „ის დიდი ფული, რომელიც გადახდილია ამ ისტორიულ ღალატში, ბრალდებულებსაც შეხვდათ“.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე

„შეიძლება, დაკავებულებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვინმეს გაეკეთებინა მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარეშე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.