„იყვნენ სამნი, აქედან ორი – „ფეიკ მძევალი“ – ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდის სპეცოპერაციის უცნობ დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელები სამნი იყვნენ, აქედან ორი – „ფეიკ მძევალი“ და მათ ნახევარი მილიონის ნაცვლად სინამდვილეში თან 4 მილიონი დოლარი წაიღეს.

გვარამიას თქმით, ერთ-ერთი დავით ხვიბლიანი იყო, რომელიც კადრებშიც ჩანს პოლიციის უფროსის მძევლად აყვანის დროს შავი კეპით და პირბადით.

„არავითარი კირცხის ტყე, მოგონილი ლოკაციაა. საქართველო დატოვეს მარშრუტით წალენიხა-ჩხოროწყუ-ლებარდე-ტობავარჩხილი-სვანეთი-აფხაზეთი. სავარაუდოდ, იქ ბაჩო არღვლიანი ხვდებათ, ფულს უყოფენ და ის მისცემს გარანტიებს, ყალბ პასპორტებს და უზრუნველყოფს გადაყვანას რუსეთში“, – წერს გვარამია.

მანამდე გვარამიამ 21 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებდნენ დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

გვარამია ზუგდიდში მძევლების აყვანაზე: ჩვენ ყველაფერი ვიცით და ინფორმაციას გავასაჯაროებთ

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, სწორედ მას დაუკავშირდა ბოროტმოქმედი ერთ-ერთი მძევლის ირაკლი კვარაცხელიას მეშვეობით ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა.