კორონავირუსი და არჩევნები: ცესკომ დაავადებულთა საკითხი გადაჭრა

თუ კორონავირუსის გამო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები იქნება, კომისია გარდაიქმნება სპეციალურად ჯგუფად და არჩევნების ჩატარებას მაინც შეძლებს
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დროს საუბნო კომისიებში შემავალი სავალდებულო შვიდი წევრიდან რომელიმეს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კომისია მუშაობას მაინც გააგრძელებს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ცესკოს დადგენილებით, თუ კორონავირუსის გამო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები იქნება, კომისია გარდაიქმნება სპეციალურად ჯგუფად და არჩევნების ჩატარებას მაინც შეძლებს.

თუ სპეცჯგუფში წევრების არასაკმარისი რაოდენობა იქნება, საოლქო კომისია ადამიანებს რეზერვიდან დაამატებს.

საქართველოში საარჩევნოდ 3 657 უბანი გაიხსნება. კორონავირუსის პანდემიის გამო კომისიების ყველა წევრმა, დამკვირვებლებმა და პარტიების წარმომადგენლებმა თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. თუ ტემპერატურა 37 ან 37 გრადუსზე მაღალი იქნება, პირს კენჭისყრის დღეს უბანზე ყოფნის უფლება არ ექნება.

ამასობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამ კვირის დასაწყისიდან 22 ოქტომბრამდე კორონავირუსი 5 326 ადამიანს გამოუვლინდა. ქართველი ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ნოემბერშიც ვარაუდობენ.