დადგინდა COVID-19-ის აგრესიულობის მიზეზი და მკურნალობის ახალი მეთოდი

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და „დამნაშავე“ აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ახალი კორონავირუსი მის წინამორბედებთან შედარებით უფრო აგრესიული იმიტომაა, რომ ის უჯრედებში შესაღწევად მათ ზედაპირზე არსებულ სხვა რეცეპტორსაც იყენებს, რომელიც მრავლადაა სასუნთქ გზებში, სისხლძარღვებსა და ნეირონებში, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა კვლევაც Science-ში გამოქვეყნდა ორ სტატიად (სტატია პირველი, სტატია მეორე). 

სარისკო ექსპერიმენტი: ახალგაზრდებს განზრახ დააავადებენ COVID-19-ით

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც ვირუსს მასთან დამაგრებაში ეხმარება, ACE2-ის გარდა, ასევე უკავშირდება სხვა რეცეპტორს — ნეიროპილინ-1-ს. კვლევების ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს უადვილებს ვირუსს უჯრედებში შეღწევას. 

მეცნიერთა ორივე ჯგუფმა აღწერა და ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ არსებობს ისეთი ანტივირუსული მკურნალობის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ნეიროპილინ-1-ის ინჰიბირებაზე იქნება დაფუძნებული. საქმე ისაა, რომ ლაბორატორიული კვლევისას სწავლულებმა ადამიანის უჯრედებში ნეიროპილინ-1 გათიშეს და ამ გზით შეამცირეს SARS-CoV-2-ის ინფიცირების უნარი.

კიდევ ერთი სიმპტომი: ბრიტანელი მეცნიერები მსოფლიოს ექიმებს აფრთხილებენ

გარდა ამისა, ნეიროპილინ-1-ის არსებობით აიხსნა ერთ-ერთი კვლევისას COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვის მიზეზიც. გერმანელმა მეცნიერებმა COVID-19-ით გარდაცვლილი ექვსი პაციენტის გაკვეთის დროს აღმოაჩინეს, რომ ხუთ მათგანს ყნოსვის ეპითელიუმის ინფექცია ჰქონდა, რასაც თან ერთვოდა ინფიცირებულ უჯრედებში ნეიროპილინ-1-ის მაღალი ექსპრესია.

კვლევის ავტორები ამავე მიზეზით ხსნიან COVID-19-ის დროს ტვინის დაზიანებასაც. როდესაც მკვლევარებმა ნეიროპილინ-1-ის მსგავსი ნანონაწილაკები შეუშვეს ცხოველების ცხვირხახაში, მათ რამდენიმე საათში მიაღწიეს ტვინის ნეირონებსა და კაპილარულ სისხლძარღვებს — განსხვავებით საკონტროლო ნაწილაკებისგან, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდა ამ რეცეპტორთან.