ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელმა რამდენიმე პირი გაათავისუფლა

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა შენობა სახანძრო კიბის საშუალებით დატოვა, რამდენიმე კი თავდამსხმელმა გაათავისუფლა, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ. 

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

„ეს არის სამსართულიანი შენობა. მაშინ, როცა თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, რა თქმა უნდა, ყველა სართულის გაკონტროლება ვერ მოახერხა. აქედან გამომდინარე, ხალხის გარკვეული ნაწილი შენობის სახურავიდან სახანძრო კიბის მეშვეობით ჩამოვიდა. თავად თავდამსხმელმა კი რამდენიმე პირი გაათავისუფლა“, – განაცხადა თორიამ.

თავდამსხმელი 500 ათას დოლარს, ვერტმფრენს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს მოითხოვს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათს იძლევა.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.