„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ულტიმატუმს აყენებს და შესაბამის ორგანოებს ორი საათის განმავლობაში მისი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი სამართალდამცველი უწყებებისთვის მიცემული დროის – 2 საათის გასვლის შემდეგ მძევლების დახოცვას აპირებს. შესაბამისი განცხადება „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ გაახმოვანა.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: პრემიერმა გახარიამ კომენტარი გააკეთა

თავდამსხმელი ითხოვს მასთან შეუიარაღებელმა პირმა მიიტანოს 500 ათასი დოლარი და მისცენ ვერტმფრენი, ან ავტომობილი, რომლითაც მძევლებთან ერთად უსაფრთხოდ დატოვებს შენობას.

მძევლის თქმით, ტელეკომპანიას თავდამსხმელის მითითებით ჩაერთო. კვარაცხელიას თქმით, ოთახში მძევლად 19 ადამიანია აყვანილი და შეიარაღებული თავდამსხმელი „კბილებამდე შეიარაღებულია, ხელყუმბარა აქვს გახსნილი და ისე გადადგილდება, თუმცა მისი ინტერესი არაა ვინმეს დაშავება და უნდა, რომ ყველაფერი მოლაპარაკებით დასრულდეს“.

მძევლის თქმით, როდესაც თავდამსხმელი თანხას მიიღებს, შენობიდან ან ვერტმფრენით წავა, ან მძევლებთან ერთად გავა. შესაბამის ორგანოებს მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელი 2 საათს აძლევს.

დღეს ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა: შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.