სპეცოპერაცია ზუგდიდში: პრემიერმა გახარიამ კომენტარი გააკეთა

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ სპეცოპერაცია ჩატარდეს ეფექტურად და, რაც მთავარია, მშვიდობიანად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. 

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა: შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

დღეს, დაახლოებით 1,5 საათის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე ბანკში მყოფი რიგითი მოქალაქეები.

„ჩემი ინფორმაციით, ეს არის ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და, რაც მთავარია, მშვიდობიანად“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.