შსს მასმედიას მიმართავს: პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცეთ სპეცოპერაციის კადრები

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუგდიდის ერთ-ერთ ბანკში მძევლების აყვანის შესახებ შეტყობინება 14:12 საათზე შევიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" თავდასხმა მოხდა: შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 19 ადამიანი – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი.

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

„საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.