თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოგრაბ მნაცაკანიანი მოსკოვში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, სადაც მალე ასევე ჩავა მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვი, იუწყება რადიო Sputnik.
ამასთან, სომხეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვში მოკლევადიანი ვიზიტის შემდეგ მნაცაკანიანს 23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ვიზიტი აქვს დაგეგმილი.
რაც შეეხება ჯეიჰუნ ბაირამოვს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ის რუსულ მხარესთან გამართავს კონსულტაციებს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.
მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.