„კრიმინალური ანარქია“ – ოპოზიციონერები ზუგდიდში მძევლების აყვანაზე

მმართველ პარტიაში, თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. კრიმინალური ანარქია და სრული უკანონობა – ასე შეაფასეს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ქვეყანაში არსებული ვითარება ზუგდიდში მძევლების აყვანის ფონზე.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა >>

ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. დამნაშავე ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

„დღევანდელი სიტუაცია საქართველოში, ბუნებრივია, ხელს უწყობს ასეთ სავალალო ფაქტებს. იმედი მაქვს, ისინი ტრაგიკულად არ დასრულდება. თუ ასე გაგრძელდება, ასეთი ფაქტი, რასაკვირველია, მეტი იქნება. ბუნებრივია, რომ გასაჭირი ადამიანებს უცნაური ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ მომხდარს გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა დასძინა, მას იმედი აქვს, რომ სპეცოპერაცია უმტკივნეულოდ დასრულდება და მძევლების ნათესავებსა და ახლობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქალაქის ცენტრში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტი სამთავრობო უწყებაა, სადაც ძალოვანი სტრუქტურები არიან, შესაძლებელი გახდა ყაჩაღობა ისე, რომ პოლიცია მოსახლეობის დასაცავად ვერაფერს აკეთებს. ეს კრიმინალური ანარქიის მთავარი პრობლემაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: თითქმის ყველა მძევალი თავისუფალია - მედია

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სიტყვებით, უპირველეს ყოვლისა, ახლა საჭიროა მძევლების უსაფრთხოებაზე ფიქრი. მან განაცხადა ასევე, რომ ქვეყანაში სრული უკანონობა სუფევს, როდესაც მთავრობასთან კავშირები დამნაშავეებს სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარება. ანალოგიური აზრისაა პარლამენტის ექს-სპიკერი, ჯაფარიძის თანაპარტიელი დავით უსუფაშვილი.

„მთავარი პრიორიტეტია – მძევლები გათავისუფლდნენ უვნებლები შენობიდან. ასევე პრიორიტეტულია დამნაშავის დაკავება, რათა მან პასუხი აგოს კანონის წინაშე. მაგრამ მთლიანობაში პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში საკმაოდ სახიფათო კრიმინალური ვითარებაა. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც დამნაშავეები ხედავენ, რომ პროკურორები და პოლიციელები და სხვა თანამდებობის პირები პოლიტპატიმრების დევნით არიან დაკავებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ზუგდიდში ბანკის ფილიალში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით.

მძევლის დისკრედიტირება დაუშვებელია: სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლების ჩანაცვლება შესთავაზა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაში დაადანაშაულა.

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მაროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, დიდი ხანია მიჩვეულები ვართ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი >>

მან საგანგაშო და გამაოგნებელი უწოდა ასევე მასმედიის მოქმედებას, „როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან“.